Wednesday, June 6, 2012

ჩემზე, წიგნებზე, ადამიანებსა და ბიბლიოთეკაზე


ბორხესის დიდ თაყვანისმცემლად, ალბათ, თვითონ ბორხესი არ ჩამთვლიდა, მაგრამ მუდამ თავს მახსენებს მისი მეტაფორა, რომ სამყარო ბიბლიოთეკაა. სიცოცხლის საზრისიც იმ ერთადერთი წიგნის მოძიებაა, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ბიბლიოთეკა მარადიულად არსებობს და ღვთის ქმნილებად მიიჩნევა. ყველა წიგნი ერთი და იმავე ელემენტებისაგან შედგება, თუმცა ერთნაირ წიგნს ვერასოდეს მიაკვლევ. თითქოს ისეთი წიგნიც არსებობდეს, ყველა სხვა წიგნის შინაარსს რომ იტევდეს, ვიღაცამ მისი წაკითხვა მოახერხა და ღვთის სწორად იქცა. ბევრს დაუწყია ეს უშედეგო პილიგრიმობა მის მოსახელთებლად, ვიდრე ეს რეგრესული მეთოდი არ მოიხელთეს: ერთი წიგნი რომ იპოვო, მეორეს უნდა ჩახედო, რომელიც მესამის ადგილმდებარეობას მიგითითებს… თუ რაღაც ამგვარი. ასე, რასაკვირველია, მაშინ არ ვფიქრობდი, როცა პირველად შევედი საჯაროში. ეს იყო სტუდენტობის ხანა, უფრო ზუსტად, სტრესი და გაოცება პირველი არასასურველი შეფასების გამო, რომელმაც ეჭვი აღმიძრა, რომ ყველაფერი არ ვიცოდი…


ეს სტრესი დღემდე არ გამნელებია, და განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როცა საჯაროში ვარ, მაგრამ ახლა ყველაფერ ამას ისე ვუყურებ, ჩემზე, წიგნებზე, ადამიანებსა და ბიბლიოთეკაზე როგორც მოცემულობას და, იმდენად აღარ ვდარდობ. სამაგიეროდ, ყოველთვის მეუფლება ბავშვობისდროინდელი გულისამოვარდნა, როცა საჯაროში შემოვდივარ: ვიცი, რომ აქ გადავრჩები და ერთ რომელსამე მარადიულ კითხვაზე ორიგინალურ ანუ ჩემეულ პასუხს მივაგნებ. არაფერი შეედრება იმ შეჩვეულ განცდას, როცა მორიგ წიგნს გადაშლი და გეჩვენება, რომ არაფერი იცი, არადა, ეს წიგნი მეათასედ მაინც გადაგიფურცლავს. უნდა დაელოდო (ამას ვეძახი პრელუდიას, რომელიც ამბივალენტურია: თან გტანჯავს და თანაც სიამეს გგვრის იმის მოლოდინში, რომ რამდენიმე წუთში ენა მიგიღებს, გაგიხსენებს, გიცნობს და ნელ-ნელა მისი იდუმალება სარკმელივით გაგეხსნება (არა, წიგნივით გადაგეშლება!). სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის დაგვიანებული დრო, ცდა და მოლოდინი დაემთხვა იმ ნევროზს, რომელიც 90-იან წლებში დასადგურებულიყო. საჯარო მაშინ მართლაც ,,საჯარო“ იყო, რადგან უსამსახურო, უსასოო, უნდო და უპერსპექტივო ინტელექტუალები აქ სამსახურსაც პოულობდნენ, იმედსაც, ნდობასაც და მომავალსაც. უწინარესად, ამაში, რა თქმა უნდა, წიგნი ეხმარებოდათ: 33, 29, თუ ვინ იცის კიდევ რამდენი ასო-ბგერის ტრილიონი კომბინაცია, ენამდელი ან ზეენობრივი, ასევე, უკვე გამოთქმული აზრების რულადები, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანები იყვნენ, რომლებიც აქ მუშაობდნენ. სამაგიეროდ, არ მუშაობდა ლიფტი, რომლითაც საცავში უნდა ასულიყვნენ; არ იყო სინათლე, შენ მიერ მოთხოვნილი წიგნი სხვის მიერ მოსურვებულთაგან რომ გაერჩიათ; არ იყო გათბობა, თავი რომ სამსახურში ეგრძნოთ (გვეგრძნო!), და არა – საკონცენტრაციო ბანაკში… ბლომად იყო ინტრიგა, ჭორი, მუქარა, ძრწოლა… და მაინც, ჩვენ ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდით თავს: ბიბლიოთეკის მუშაკები იმით, რომ ყველაფრის მიუხედავად, ,,მუშაკებად“ რჩებოდნენ და კითხვის საარსებო საშუალებას ლუკმა პურივით გინაწილებდნენ; შენ კი იმით, რომ იმ საყოველთაო ტყვიისა და ტყუილის უდაბნოში გეპოვა ოაზისი, სადაც პალმები ხრიოკზე კი არა, ხელის გულზე ამოგდიოდნენ, ხოლო წყალი მიწის კი არა, არსებობის სიღრმიდან ამოჩქეფდა. ეს იყო სიცოცხლის გაგრძელების სიმულაცია, მაშინ, როცა გარეთ გრძელვადიან ბედნიერებას სიმულირებდნენ. ერთმა ნაცნობმა მითხრა მაშინ, ძალიან ნუ შეეჩვევი საჯაროს, თორემ ვეღარასოდეს დაეხსნები მის ხიბლსა და ცთუნებას, და ცხოვრების წიგნივით (ტექსტივით!) წაკითხვას მოინდომებო. მართალი აღმოჩნდა, რადგან როცა დროდადრო მივდივარ იქ, ის ახლაც მასპინძელივით მეგებება. ჩემი სამეცნიერო ინტერესის საგანი ქართველთა საეკლესიო თუ საერო კულტურაა და ამიტომაც ყველაზე ხშირად ქართველოლოგიის ცენტრს ვსტუმრობდი. მახსოვს, საჯაროს ნოე რამიშვილის ვაჟის, ემიგრანტი ექიმის აკაკი რამიშვილის არქივი გადმოსცეს. მე შევესწარი ამ ამბავს და ვისურვე, მონაწილეობა მიმეღო მის დახარისხება- კატალოგიზაციაში. ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობდი და მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა სულ მცირედი საქმეც კი შენს საქართველოდ მიგაჩნია: მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ ,,საქართველო“ სულაც არ არის ტრადიციით, აღზრდითა თუ სხვა სოციალური ბერკეტებით ჩანერგილი ტკბილი აბსტრაქცია: ის ცხელი (და არა – ცივი!) გონებით საკეთებელი საქმეა! მიხარია, რომ საჯაროს წიგნსაცავის გრძელ გალერეებში ჩაწყობილ თაროებზე ჩემი რამდენიმე წიგნიც იმტვერება. იოსიფ ბროდსკისა არ იყოს, პოლიტიკოსებს მეც საარჩევნო პროგრამის გამო კი არ მივცემდი ხმას, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა წაუკითხავთ მათ: საქმე წიგნებზე ან მათ რაოდენობაზე არცაა. აქ მე, ზოგადად, წიგნის ვალენტობის ან მათი ინდივიდუალიზაციის ხარისხის გავარკვევას ვეცდებოდი. ჰოდა, პატივცემულო პოლიტიკოსებო და ამომრჩევლებო! თუ ეს აზრი ჭკუაში დაგიჯდეთ, არ დაგავიწყდეთ: ვერც ჩვენ ვიცოცხლებთ სამუდამოდ და ვერც – თქვენ, სამაგიეროდ, დარჩება ის, რაც დაგვიწერია, და ისიც, რაც მისი შენახვისთვის მხოლოდ მარადიულობის პერსპექტივით უნდა დაკმაყოფილდეს, ანუ – ბიბლიოთეკა.


http://mwignobari.wordpress.com/


საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, როგორც "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის. ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც 1848 წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ. საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი - ყოფილი სათავადაზნაურო ბანკი ანუ ქართული ბანკი (ლ. გუდიაშვილის ქ. N3) 1913-16 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში. მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, ლ. გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე, როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები ნაგებობის საზეიმო ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც: ვესტბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ. ბიბლიოთეკის II კორპუსი, ყოფილი ვოლგა-კამის ბანკის განყოფილება (ლ. გუდიაშვილის ქ. N5), 1915 წელს ააგო არქიტექტორმა გ. კოსიაკოვმა. ბიბლიოთეკის III კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა (ლ. გუდიაშვილის ქ. N7), მიხეილ ოჰანჯანოვისა და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა 1910 წელს. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ საზოგადოებრივ შენობათა შორის. მოდერნის (არ-ნუვო) სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტრირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნევს ატარებს ინტერიერიც (არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვირაჟული გადახურვა). 859 წლისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 13.260 ტომისაგან 19 ენაზე. ფონდების გაზრდასთან ერთად კანცელარიის შენობა აღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნილებებს და საჭირო გახდა ბიბლიოთეკის შენობის აშენება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შენობა, რასაც ვახტანგ ორბელიანი დაეთანხმა და 1851 წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1850 წელს მიხაილ ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვში არსებული რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი თანამშრომელი ლუდვიგ დე სან-ტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. შემდეგ ჯამრთელობის გაუარესების გამო მან სამუშაო ადგილი თავის შვილს გადაულოცა, რომელიც 1857 წლამდე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. 1852 წლის ივნისიდან მიხაილ ვორონცოვის განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას. ვორონცოვის განკარგულებით 1852 წლამდე წიგნით სარგებლობისათვის ბიბლიოთეკა ღია იყო დილის 10 საათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი დღის პირველი საათიდან დაბინდებამდე. 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგებლობაში არსებული დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი მმართველობის ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა "კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". 1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია. 1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა.